თავი პირველი -
ხუთი დღის შემდეგ
ოფიციალურად უნდა აიკრძალოს საგამოცდო ოთახები ხედით ზღვაზე.
რამდენად სამართლიანია, რომ ჩვენ გამოკეტილები ვართ, ორსაათიანი წერისგან თითები გვეკრუნჩხება, ამასობაში გარეთ მზის სხივები ტალღებზე ლივლივებს და საოცრად მხიარულად და მიმზიდველად გამოიყურება? როგორ მომეთხოვება, რომ მახსოვდეს, ვინ იყო მეფე ჰენრი VIII-ის მეოთხე ცოლი, როცა ჩიტები ჟღურტულებენ და შემიძლია დავიფიცო, რომ ახლომდებარე სანაყინედან სასიხარულო, უზრუნველი მელოდია მესმის?
თავს ვაქნევ, რომ თითების ჩასაკვნეტი, შოკოლადის ფანტელებით მორთული, მადის აღმძვრელი ნაყინის წარმოსახვითი გამოსახულება გაიფანტოს და ვცდილობ, ჩემი საუკეთესო მეგობრის, ელიოტის ტვინთან კავშირი დავამყარო. ისტორიის გამოცდაზე ყოფნისას ფაქტებისა და პიროვნებების გახსენება მისთვის პრობლემა არ იქნებოდა. მეტსახელად ვიკი სწორედ იმიტომ შევარქვი, რომ მისი გონება ინფორმაციის ისეთივე საცავია, როგორიც „ვიკიპედია“; მაშინ, როცა გადამეორებული მასალა ჩემი მეხსიერებიდან „სნაპჩათივით“ მალე ქრება.
ვოხრავ და საგამოცდო საკითხზე ყურადღების მოკრებას ვცდილობ, მაგრამ სიტყვები ჩემ თვალწინ დაცურავს და საკუთარი ნაჯღაბნიდან აზრი ვერ გამომაქვს. ვიმედოვნებ, რომ ის, ვისაც ნაწერის შეფასება ევალება, უფრო იღბლიანი აღმოჩნდება.
საჯარო განათლების საატესტატო გამოცდებზე ისტორიის ჩაბარება კარგი იდეა არ ყოფილა. საგანი იმის მიხედვით ავირჩიე, თუ რას ანიჭებდნენ სხვები უპირატესობას. ერთადერთი საგანი, რომელიც ვიცოდი, რომ უნდა ამერჩია, ფოტოგრაფია იყო. სიმართლე ისაა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ვინ მსურს გამოვიდე.
- კარგი, კალმები დააწყვეთ, - ამბობს ჩვენ წინ მდგარი გამოცდის დამკვირვებელი.
პირი მიშრება. არ ვიცი, რამდენი ხანი ვოცნებობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა შეკითხვაზე არ მიპასუხია. ეს გამოცდები განსაზღვრავს, მომდევნო წელს რომელი საგნების სწავლა მომიწევს, მე კი უკვე ყველაფერი გავაფუჭე. ხელისგულები მიოფლიანდება და გარეთ მოჭიკჭიკე ჩიტების ხმაც აღარ მესმის. ამჟამად ჩემს ყურს თოლიების გამკივანი ჭყივილიღა სწვდება - თითქოს ყურში ჩამკივიან „მარცხი, მარცხი, მარცხი“. მუცელში მგვრემს და მგონი, შეუძლოდ ვარ.
- პენი, მოდიხარ? - ავიხედე. ჩემი მეგობარი და კლასელი კირა, მერხთან დგას და მელოდება. დამკვირვებელმა საგამოცდო ნაშრომი უკვე გამომტაცა, მე კი არც შემიმჩნევია.
- ჰო, ერთი წამით, - ჩანთა ავიღე და სკამიდან გამოვსხლტი.
და მერე, წამოდგომისთანავე, გულისრევის შეგრძნება შვების ტალღამ გადაფარა. მიუხედავად შედეგისა, სულ ესაა: ჩემი ბოლო გამოცდა დასრულდა. სასწავლო წელი დამთავრდა!
სულელივით ვიკრიჭები და კირას გაშლილ ხელს ხელისგულს ვაგებებ. ჩემს კლასელებთან, განსაკუთრებით ტყუპთან, კირასა და ამარასთან ახლა უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს, ვიდრე ადრე მქონდა. წლის დასაწყისში განვითარებული დრამატული მოვლენების შემდეგ, ჩემთან მოვიდნენ და ახალი ამბების გამანადგურებელი ტალღების შესაჩერებლად, მეგობრობის მყარი კედელი აღმართეს. საინფორმაციო საშუალებები მაშინ გაცხარდნენ, როცა გაარკვიეს, რომ როკვარსკვლავ ნოე ფლინს ვხვდებოდი და მოგვიანებით ჩემი ბლოგიც აღმოაჩინეს; ჩემი ცხოვრების პირადი დეტალები მოჩხრიკეს და შეყვარებულთა მავნებლად გამომაცხადეს, რადგან თვლიდნენ, რომ ნოე მეგავარსკვლავ ლეა ბრაუნს ხვდებოდა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღეები იყო, მაგრამ მეგობრებმა რთული პერიოდი უმტკივნეულოდ გადამატანინეს. და როცა ყველაფერი დასრულდა, განცდილმა დრამამ დაგვაახლოვა.
დერეფანში გამოცვენისას კირამ მკითხა:
- სადღესასწაულო ბურგერებიბ ბსგ(„ბურგერების სამზარეულო გურმანებისთვის“ - რესტორნების ქსელი გაერთიანებულ სამეფოში. განთქმულია ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით დამზადებული, დიდი ზომის ბურგერებით.)-ში? კონცერტამდე იქ შეკრებას ვაპირებთ. ალბათ როგორი აღტაცებული ხარ ნოესთან კიდევ ერთი შეხვედრის შესაძლებლობით.
მუცელში ნაცნობი გვრემა ვიგრძენი. აღტაცებული ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმავდროულად ვნერვიულობ კიდეც. ნოე ბოლოს მაშინ ვნახე, როცა სააღდგომო არდადეგები და ჩემი მეთექვსმეტე დაბადების დღე ჩემთან ერთად გაატარა. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთს კომპანიონობა გავუწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთია, რაც მსურს და ერთადერთი - რაზეც მეფიქრება, მაინც ვერაფერს ვუხერხებ იმაზე დარდს, ყველაფერი ძველებურად იქნება თუ არა.
- რესტორანში შემოგიერთდებით, - ვპასუხობ მე. - მის მილსის კაბინეტიდან ნივთები უნდა ავიღო და გამოსაცვლელად სახლში წავიდე.
კირამ მკლავზე ხელი მომიჭირა.
- ოჰ, ღმერთო, მეც უნდა მოვიფიქრო, რა ჩავიცვა!
როცა ადგილს მოსწყდა, სუსტად გამეღიმა. გამოცდების დასრულებით განპირობებულ ხალისიან განწყობილებას ახალი სანერვიულო ჩაენაცვლა. მაგალითად, ასეთი: ჩემს-შეყვარებულს-ისევ-მოვწონვარ-თუ-არა. ვიცი, რომ უფრო თავდაჯერებული უნდა ვიყო და მწამდეს, რომ ნოეს ზუსტად ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ, მაგრამ როცა შენი პირველი შეყვარებული მთელ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამომავალი ვარსკვლავი და მუსიკოსია, ეს სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე განსახორციელებლად.
დერეფნები თითქმის ცარიელია და ლინოლეუმის იატაკზე ჩემი „კონვერსის“ კედების ჭრაჭუნის ხმა ისმის. ვერაფრით დამიჯერებია, რომ ჩემს ფოტოგრაფიის მასწავლებელს, მის მილსს, უკანასკნელად ვხვდები. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ გასული წლის განმავლობაში ძალიან